ლიხაური – შემომქმედი – ჯუმათი

 

ლიხაურის ეკლესია

ლიხაურის ეკლესიაა – XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გურიის მხარეში, ს. ლიხაურში.

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი კვადრატის ფორმისაა. დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის კარგათ გათლილი, მონაცრისფრო კვადრები, სახურავისთვის კი – ორფერდა კრამიტი.

ეკლესიის ფრესკებიდან საინტერესოა ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა. აქ ინახება ორი ძველი ქართული ხელნაწერი: “ოთხთავი” და “ჟამნი”. ეკლესიის ხატებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: წმიდა იაკობის ხატი, რომელიც იმდენად ძველია, რომ ხეზე გამოსახულება არ ჩანს. ღმრთისმშობლის ხატი დაუსაბამო ჩვილით. მაცხოვრის მცირე ხატი ხის კუბოში. ხატებზე გამოკვეთილი წარწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი უძველესია გურიის ძველ წარწერებს შორის, რომლებიც გვხვდება შემოქმედში, ჯუმათში და ამ მხარის ზოგიერთ სხვა ეკლესიაში.

 

შემოქმედის მონასტერი

მდებარეობს მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ – დასავლეთით 7–8 კმ–ის დაშორებით. მონასტრის გორაკის ძირში გამოქვაბულია და ეს გამოქვაბული, წინათ, დაყუდებული ბერების ნავთსაყუდელი ყოფილა. ამჟამად მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია).

შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი.

შემოქმედის მონასტერი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი . აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი ანუ ლოცვანი და “ფუტკარი” ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი.

 

ჯუმათის მამათა მონასტერი

ჯუმათის ეკლესია – მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. მდებარეობს გურიის მხარეში, სოფელ ჯუმათში. ოზურგეთიდან 14 კმ. გურიის ქედზე , მდინარე სუფსის ხეობაში.ჯუმათის ეკლესია იყო ეპარქიის ცენტრი, ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს სუფსას და რიონს შორის.

 

ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. მისი აგების თარიღი უცნობია. დ.ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. ფრესკები XVI-XVIII ს.ს. თარიღდება. სამხრეთის მხრიდან მიუშენებიათ ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი.მონასტერი მოიცავს გალავანს და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. გალავანში ჩაშენებულია სამრეკლო (1904 წ.).

 

ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი

ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერები. XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაიძარცვა. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო შემორჩენილი. ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წმინდა გიორგის ოქროში ნაჭედი ხატი. წმინდა გიორგი ხატზე გამოსახული იყო სრული სახით, ფარით ხელში, ცხენის გარეშე. მეცნიერები ხატს XI-XII სს. მიაკუთვნებენ. ეს ხატი 1921 წელს, სხვა სიძველეებთან ერთად, მონასტრის გაძარცვისას დაიკარგა. მისი ორი ფრაგმენტი ამჟამად ერმიტაჟში